სიახლეები

„შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის შესახებ“ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია

2014 წლის 20 ოქტომბერს სახალხო დამცველმა „შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის შესახებ“ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაციის „ოქსფამის“ საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით და საერთაშორისო ორგანიზაციის „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ ექსპერტის ხათუნა მადურაშვილისა და დამოუკიდებელი ექსპერტის რაისა ლიპარტელიანის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მოამზადა.

ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა ზოგადად მიმოიხილა ანგარიშში ასახული საკითხები და აღნიშნა, რომ კვლევამ ის დაფარული პრობლემატიკა მოიცვა, რაზეც ხშირად არ საუბრობენ. მათ შორის სექსუალური შევიწროების შემთხვევები, რომელსაც უმეტეს წილად არ მოყვება შესაბამისი რეაგირება.

ორგანიზაცია „ოქსფამის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქეთი გეთიაშვილმა კვლევის მიზანზე, ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის სტრატეგიასა და ტენდენციებზე ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძის აზრით, ჩატარებული კვლევა იმდენად მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია, რომ ქალთა შრომითი უფლებების მიმართულებით მუშაობის საქმეში საბაზისო დოკუმენტად შეიძლება იქნას გამოყენებული.

სპეციალური ანგარიშის მიზანია სამუშაო ადგილზე ქალთა დისკრიმინაციის დაფარული პრობლემატიკის წარმოჩენა და რეკომენდაციების შემუშავება ქალთა შრომითი უფლებების სამართლებრივი და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

კვლევა მოიცავს 4 ძირითად მიმართულებას:

  • ქალთა სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილებზე;
  • სხვაობა მამაკაცთა და ქალთა ანაზღაურებას შორის, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი გამოვლინება შრომით ურთიერთობაში;
  • დისკრიმინაცია სქესის ნიშნით წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში (როდესაც ქორწინების სტატუსის მიხედვით, შესაძლო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის შვებულებისგან თავის ასარიდებლად ქალს უარს ეუბნებიან დასაქმებაზე ან ათავისუფლებენ სამსახურიდან).
  • დისკრიმინაცია სქესის ნიშნით კარიერული წინსვლისას

ღონისძიებაზე განიხილეს ქალთა შრომითი დისკრიმინაციისაგან დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები. ანგარიშში წარმოდგენილია ქალთა შრომითი უფლებების სამართლებრივი და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად შემუშავებული რეკომენდაციები.

დისკუსიაში მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

იხილეთ კვლევა

იხილეთ კვლევის პრეზენტაცია

იხილეთ ღონისძების ფოტოგალერეა

იხილეთ ღონისძიების ვიდეოჩანაწერი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)