სიახლეები

შეხვედრა გორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა საჭიროებების გამოკვეთის მიზნით

2017 წლის 16 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გორის ოფისში გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაეროს უშიშროების საბჭოს N1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2016–2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე.

შეხვედრა მიზნად ისახავდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებელი 2016–2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების გადახედვას, თუ რამდენად არის ასახული დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების პრობლემები და საჭიროებები პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და ინიციატივებში.

ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ სხვადასხვა უწყებების მიერ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები ძირითადად ფრაგმენტული ხასიათისაა და მათ არა აქვთ სისტემატიური ხასიათი. დიდი ყურადღება დაეთმო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პროცესებსა და ჟენევის მოლაპარაკებებში ქალთა ჩართულობის სიმცირეს. ასევე აღინიშნა უსაფრთხო გადაადგილებისა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემები.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, აგრეთვე ისაუბრეს თემით დაინტერესებული აქტორებისა და პასუხისმგებელი უწყებების კოორდინაციის ნაკლებობასა და „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ფოკუსირებული პროექტების სიმცირეზე.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი აგრძელებს ეროვნული სამოქმედო გეგმის მონოტორინგის პროცესს და მისი შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება საზოგადოებისათვის ცნობილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)