სიახლეები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის“ თემაზე

2017 წლის 12-14 დეკემბერს თელავში საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებისთვის „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის“ თემაზე ტრენინგი გამართა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მიმართულებით მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას, საქართველოში არსებული მდგომარეობის განხილვასა და საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ საერთაშორისო რეგულაციებს, მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიას, მართლმსაჯულების სტატისტიკური სისტემის აგების თავისებურებებს, სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზის მნიშვნელობას, სახელმწიფოს ვალდებულებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სტატისტიკის შეგროვების კუთხით და არსებულ მდგომარეობას, ასევე სხვა საკითხებს.

ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო ექსპერტი მარია ჯუზეპინა მურატორე, ექსპერტი ანა არგანაშვილი და სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ანა ილურიძე.

ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)