სამუშაო შეხვედრა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციული ღონისძიებების შეფასების შესახებ
2024 წლის 29 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციული ღონისძიებების შეფასების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა სამთავრობო უწყებებისა და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლებთან.
სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განსახორციელებელი ორი მონიტორინგის ანგარიშის: ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებებისა და ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის შეფასების მეთოდოლოგიების გაცნობა.
გარდა ამისა, აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო სპეციალურ ანგარიშებზე მუშაობისას პასუხისმგებელ უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებზე ორიენტირებული მიდგომების ჩამოყალიბებას საქართველოში.
შეხვედრაში სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებებისა და საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებებისა და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. განხილვისა და დისკუსიისას უწყების წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებებისა და უკუკავშირის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ მხარდაჭერით ჩატარდა.