სახალხო დამცველის მოადგილე სტამბულის კონვენციის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა
2021 წლის 10 ნოემბერს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ქალის მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენციის) შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს (GREVIO) შეხვდა.
სახალხო დამცველის მოადგილემ შეხვედრაზე ქალის მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარება, მათ შორის, როგორც საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების მდგომარეობა, ისე პრაქტიკული საკითხები მიმოიხილა. სტუმრებს ასევე გააცნო სახალხო დამცველის მანდატი და ამ მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.
ეკატერინე სხილაძემ ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, კერძოდ, სექსუალური ძალადობის დანაშაულების მსხვერპლთა მისაწვდომობაზე მართლმსაჯულებისადმი, ფემიციდის (გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალების მკვლელობების) მაღალ მაჩვენებლზე, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების საჭიროებაზე კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დამძიმებულ ვითარებაზე და ამ მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე.