სიახლეები

სახალხო დამცველი სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმეზე მონიტორინგს აგრძელებს

2019 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა. სახალხო დამცველმა უშუალოდ დაზარალებულისგან და ადვოკატისგან მოისმინა საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გამოძიების ეტაპზე არსებული შესაძლო ხარვეზები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები.

აღნიშნული საქმის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტიდან და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოდან გამოითხოვა ინფორმაცია მათი მხრიდან განხორციელებული რეაგირების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ასევე სთხოვა საქმის სრულყოფილი შესწავლისთვის, საგამონაკლისო წესით, უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის სისხლის სამართლის საქმის გაცნობა, თუმცა, პროკურატურამ აღნიშნულ თხოვნაზე უარი განაცხადა. საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საგამონაკლისო წესით დაუშვან სახალხო დამცველის აპარატისთვის საქმის მასალებზე წვდომა.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბების და სიმძიმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების მხრიდან თითოეულ შემთხვევაზე დროული და ეფექტური რეაგირება განხორციელდეს. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს პროცესში მონაწილე მხარეებს, ასევე მედიასაშუალებებს, იხელმძღვანელონ პროფესიული ეთიკის სტანდარტით, რათა არ ქნას ხელყოფილი დაზარალებულის ინტერესები.

საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში განაგრძნობს აღნიშნული საქმის მონიტორინგს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)