საინფორმაციო შეხვედრები სამცხე–ჯავახეთის რეგიონში პოლიციის და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან
2017 წლის 21–22 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობისა და რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამცხე–ჯავახეთის რეგიონში პოლიციის თანამშრომლებთან და სოციალურ მუშაკებთან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრის მიმდინარეობისასპოლიციის თანამშრომლებმა ხაზი გაუსვეს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას და აღნიშნეს, რომ გაიზარდა გამოვლენის მაჩვენებელი. ძალადობის მაპროვოცირებელ მიზეზად კი მძიმე სოციალური ფონი დასახელდა. სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამების არსებობა, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგის ჩართულობას, ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის ღონისძიებებს, დასაქმების ხელშეწყობას და სხვა.
სოციალურ მუშაკებთან შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ კვლავ გამოწვევას წარმოადგენს მსხვერპლისთვის ფსიქოლოგის მომსახურების არარსებობა და სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. უწყების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ესაჭიროებათ გადამზადება ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით. ასევე აღინიშნა, რომ სოციალური მუშაკების სიმცირის გამო ისინი ხშირად ვერ ახერხებენ თემატურად მათთვის მნიშვნელოვან ტრენინგებზე დასწრებას.
შეხვედრების ბოლოს საუბარი შეეხო ლგბტი პირების უფლებრივ მდგომარეობას მათ რეგიონში, თუმცა სამართალდამცავი უწყებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდნენ, რაც პრობლემაა, და შესაბამისი უწყებების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს რეგიონში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით აქტიურ მუშაობას.