ონლაინ კონფერენცია: საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის და ქალთა შრომითი უფლებების გასაძლიერებლად
2020 წლის 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ მონაწილეობა მიიღო ონლაინ კონფერენციაში, რომელზეც საქართველოს შრომის კოდექსში - დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის და ქალთა შრომითი უფლებების გაძლიერებისკენ მიმართული ცვლილებები განიხილეს.
მოხსენებით გამოსვლისას სახალხო დამცველის მოადგილემ ისაუბრა შრომის კანონმდებლობის რეფორმის მიღმა დარჩენილ საკითხებსა და გამოწვევებზე, რაც ქალთა შრომითი უფლებების ეფექტური დაცვის თვალსაზრისით კვლავ პრობლემად რჩება.
აღნიშნა, რომ ცვლილებები არ შეხებია ორსულობის და მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების საკითხს. გასაცემი დახმარების ჯამური ოდენობა კვლავ 1000 ლარს შეადგენს მაშინ, როდესაც, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020 წლის მდგომარეობით 1202 ლარია.
დახმარების მცირე ოდენობისა და კერძო დამსაქმებლების მიერ ხელფასის შენარჩუნების მზაობის არარსებობის პირობებში, ქალები, ხშირად, იძულებულნი არიან, მხოლოდ მოკლე პერიოდით ისარგებლონ ორსულობისა და მშობიარობისა თუ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით. ამდენად, არსებული მოწესრიგება არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის თანახმად, ანაზღაურების ოდენობა საკმარისი უნდა იყოს ქალისა და ბავშვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და მათი ცხოვრების სათანადო დონით უზრუნველსაყოფად.
ონლაინ კონფერენციის მონაწილეებმა მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მისი ეფექტური აღსრულების მექანიზმებზე იმსჯელეს, საკუთარი შეხედულებები წარმოადგინეს და თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მიერ, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).