სიახლეები

ქალთა საკითხების ადვოკატირება და ანგარიშგების პროცესი (CEDAW/UPR)

2021 წლის 16-21 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ სემინარი რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. სემინარი მიზნად ისახავდა რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ და გამოიყენონ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტისთვის (CEDAW) წარსადგენი ანგარიშგების მექანიზმები.

ონლაინ სემინარს უძღვებოდნენ საერთაშორისო ექსპერტი ვათშლაჰ ნაიდუ (International Women’s Right Actions Watch Asia Pacific) და ადგილობრივი ექსპერტი თამარ დეკანოსიძე (Equality Now). ექსპერტებმა ისაუბრეს გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემის მნიშვნელობასა და აქტუალობაზე. ასევე მონაწილეებს გააცნეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ CEDAW კომიტეტის მონიტორინგის პროცესის გამოყენების სხვადასხვა გზები. ყურადღება გამახვილდა როგორც უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესებში მონაწილეობაზე, ასევე - პარტნიორებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობის სტრატეგიებზე.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, მცხეთა მთიანეთის, კახეთისა და იმერეთის რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება CEDAW/UPR ანგარიშგების პროცედურებსა და შესაძლებლობებზე; შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს მათთან აქტიურ თანამშრომლობას.

ონლაინ სემინარი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)