სიახლეები

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ზომების შეფასების შესახებ მონიტორინგის ინსტრუმენტის პრეზენტაცია

2023 წლის 7 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ზომების შეფასების შესახებ მონიტორინგის ინსტრუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.

მონიტორინგის ინსტრუმენტი დაფუძნებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და მის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენციაზე და მისი მიზანია შეაფასოს სახელმწიფოს პრევენციის მექანიზმის გავლენა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, გამოავლინოს კონკრეტული მიღწევები და გამოწვევები. დოკუმენტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო უწყებებს სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ისაუბრა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდგომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რაც გენდერული ნიშნით ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევების შემცირებას აბრკოლებს.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ, ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსმა კატერინა ბოლონეზემ და გრევიოს სამდივნოს წარმომადგენელმა ელიფ სარიადინსმა პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს. მონიტორინგის ინსტრუმენტი ექსპერტებმა ვალენტინა ანდრასეკმა და ბაია პატარაიამ წარადგინეს. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას თავიანთი უწყებების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

დოკუმენტი ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში მომზადდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)