ინტერაქტიული დიალოგი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით
2021 წლის 17 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ონლაინ ინტერაქტიული დიალოგში რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას მიეძღვნა. ღონისძიება გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 65-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
ინტერაქტიულ დიალოგში ისაუბრეს თუ რა გავლენას ახდენს ქალთა მიმართ ძალადობა ქალთა მონაწილეობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რა სახის ჩარევაა საჭირო, მის აღმოსაფხვრელად. აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გლობალური მასშტაბის არის და გადაწყვეტილების მიმღებ ქალთა რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება. შესაბამისად, უფრო ეფექტური პრევენციისა და რეაგირების ზომების მიღებაა საჭირო ეროვნულ დონეზე.
ინტერაქტიულ დიალოგს ქალთა სტატუსის კომისიის ვიცე-სპიკერმა შილპა პულელა გაუძღვა. მოდერაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალურმა მდივანმა მარტინ ჩუნგონგიმ გაუწია.
ნინო ლომჯარიამ საზოგადოებაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა, სამთავრობო უწყებებსა და თემაზე მომუშავე ექსპერტებთან თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილა და შეხვედრის მონაწილეებს აპარატის საუკეთესო გამოცდილება, სამომავლო გეგმები და შესაძლებლობები გააცნო.
შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს და ერთმანეთს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად წევრ სახელმწიფოთა მიერ გამოყენებული პოლიტიკის, პროგრამებისა და ბიუჯეტის განაწილების, მთავრობასთან კოორდინაციის, სამართლებრივ რეფორმებსა და ძალადობის აღმოფხვრის სხვა სპეციფიკურ ზომებზე გამოცდილება გაუზიარეს.