სიახლეები

გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები

სახალხო დამცველმა არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს 2013 საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის თავის „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები“ წარუდგინა.

2013 წლის მონაცემებით გენდერული თანასწორობის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი. საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 11%, მინისტრთა კაბინეტში 21%, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში – 10%–ია. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქალთა წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში 5%–ით გაიზარდა, საქართველო კვლავ რჩება იმ ქვეყნებს შორის, სადაც გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა წარმომადგენლობის დაბალი მაჩვენებელია.

2013 წელს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობისთვის საკანონმდებლო დონეზე გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. საქართველოს ორგანულ კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ დამატება ითვალისწინებს დაფინანსებაზე 30%–ის ოდენობით დანამატს, თუ პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში განსხვავებული სქესი სულ მცირე 30%-ით იქნება წარმოდგენილი. 2014 წელს დამტკიცდა საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014–2016 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ–ერთი მიზანი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობაა. მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ასევე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მრჩევლის პოზიციის შემოღება ინსტიტუციურ დონეზე.

2013 წელს სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნა გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატი მოწინავე ინსტიტუტია ქალთა თანამდებობრივი დაწინაურების მაჩვენებლით.

2013 წლის მდგომარეობით ქალთა ეკონომიკური აქტივობისა და ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით „გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ მონაცემებით, საქართველო 136 ქვეყანას შორის 64-ე ადგილს იკავებს. ამავე მონაცემებით, საქართველომ წინა წლებთან შედარებით, პროგრესის ნაცვლად უკანა პოზიციაზე გადაინაცვლა. ასევე საგანგაშოა მდგომარეობა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების მაჩვენებლის მიხედვით.

მისასალმებელია 2013 წელს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად, გაიზარდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ხანგრძლივობა და ანაზღაურება.

2013 წელს, საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ორსულ ქალთა გათავისუფლების ფაქტები. ისინი, უმეტეს შემთხვევაში, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდნენ, რის გამოც ვერ მოხერხდა პრობლემის სამართლებრივი გადაწყვეტა. აღნიშნულის თაობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა არ გაითვალისწინეს სახალხო დამცველის რეკომენდაცია. ხშირია შემთხვევები, როდესაც შესაძლო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის შვებულებისგან თავის ასარიდებლად, ქალს უარს ეუბნებიან დასაქმებაზე. ასევე, ხშირია სექსუალური შევიწროვების შემთხვევები დასაქმების ადგილზე, თუმცა აღნიშნული კვლავ ტაბუდადებულ თემად რჩება, მასზე არ საუბრობენ და არც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

2013 წელი კვლავ დატვირთული იყო ოჯახში ძალადობის შემთხვევებით. სსიპ - „112“-ის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში რეგისტრირებული შემთხვევებიდან დაფიქსირდა ძალადობის შემდეგი მონაცემები: ფიზიკური - 139; ფსიქოლოგიური - 188; ეკონომიკური - 18 და იძულება - 13. სექსუალური ძალადობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებების შესწავლის შემდეგ გამოვლინდა პრობლემები ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მიღებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი ზომების, დამცავი და შემაკავებელი ორდერების, შესრულებისა და მათი მონიტორინგის ეტაპზე. რიგ შემთხვევებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო ეფექტური ღონისძიებების გატარება.

2013 წელს სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქალთა შევიწროების ფაქტების შესახებ, რაც გამოხატული იყო მათი ღირსების შეურაცხმყოფელ ქმედებებში.

2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება. გოგონათა მიერ სკოლის მიტოვების ძირითადი მიზეზი ქორწინებაა, რაც ზოგ შემთხვევაში თავად არასრულწლოვნის, რიგ შემთხვევებში - მისი მშობლების გადაწყვეტილებაა.

საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა მარტოხელა დედის სტატუსის განმარტებას და შესაბამისად, ქვეყანაში მათ დასახმარებლად არც სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს. საქართველოში მარტოხელა დედობა უკავშირდება არა მხოლოდ მამის მხრიდან პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას, არამედ საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობას. არანაკლები პრობლემის წინაშე დგანან მრავალშვილიანი დედები. მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების ხელშესაწყობად სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ არის დისკრიმინაციული ლგბტ პირთა მიმართ, მისი პრაქტიკაში განხორციელება არ იძლევა უფლებადაცვის ადეკვატურ გარანტიებს. ლგბტ პირები ხშირ შემთხვევაში არ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს დარღვეული უფლების აღსადგენად, რადგან არ აქვთ ნდობა და ფიქრობენ, რომ მიმართვის შემთხვევაში გახდებიან ჰომოფობიური დამოკიდებულების მსხვერპლი სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. ხშირია ლგბტ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევები, რაც მათ აიძულებთ, დამალონ ინფორმაცია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ. მაშინ, როდესაც საზოგადოება დასაშვებად მიიჩნევს ჰეტეროსექსუალი წყვილების ურთიერთობის საჯარო გამოხატულებას, ლგბტ პირების შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი მათ მიმართ ძალადობის მიზეზი ხდება.

2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაგეგმილი აქცია დაარბიეს პარალელური აქციის მონაწილეებმა, რომელთა მიზანი არა აქციის ხელშეშლა, არამედ აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღით ადრე იყო ინფორმირებული ზემოაღნიშნული აქციებისა და იმ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა, ლგბტ და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება, ესარგებლათ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული შეკრების თავისუფლებით. პარალელური აქციის მონაწილე 4 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული ჯარიმა. 5 პირს, მათ შორის, ორ სასულიერო პირს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის წესით (1 სასულიერო პირს ბრალდება მოეხსნა).

საქართველოში ლგბტ ადამიანთა მდგომარეობის ამსახველი კვლევები და ანგარიშები ერთხმად აღიარებენ, რომ ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებები არასაკმარისადაა გათვალისწინებული კანონმდებლობაში, რაც ზოგ შემთხვევაში, მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევით სრულდება.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)