განცხადება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა სწორედ ამ დღეს, 1990 წლის 17 მაისს ამოიღო დაავადებათა ნუსხიდან. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ არის დისკრიმინაციული ლგბტ პირთა მიმართ, მისი პრაქტიკაში განხორციელება არ იძლევა უფლებადაცვის ადეკვატურ გარანტიებს. ხშირია ლგბტ პირთა დისკრიმინაციის ფაქტები შრომის, ჯანდაცვის, სოციალური, ეკონომიკური და სხვა უფლებების განხორციელებისას. ისინი განიცდიან ძალადობას და უთანასწორო მოპყრობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ოჯახსა და საზოგადოებაში.
კვლავ პრობლემად რჩება საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულება, რაც განაპირობებს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს და სხვა დისკრიმინაციულ ქმედებებს. არ ხორციელდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობდა არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების რღვევას. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჰომოფობიური განწყობა მჭიდრო კავშირშია საზოგადოების სოციალური და კულტურული შემწყნარებლობის ზოგად დონესთან საქართველოში.
2013 წლის 17 მაისს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ლგბტ და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება ესარგებლათ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული შეკრების თავისუფლებით, აგრეთვე დაფიქსირდა სიძულვილით განპირობებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები. უკვე ერთი წელი გავიდა და სამწუხაროდ არც ერთ ძალადობის ფაქტზე არ დამდგარა სამართლებრივი შედეგი და არავინ დასჯილა სიძულვილით განპირობებული ფიზიკური ძალადობის ჩადენისთვის.
სახალხო დამცველი მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, გაძლიერდეს საზოგადოებასთან მუშაობა არსებული ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთისა და პრევენციისათვის; აგრეთვე განხორციელდეს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებისა და სიძულვილით მოტივირებული სხვა შემთხვევების დროული, ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიება.
2014 წლის 17 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ასევე იმუშავებს ცხელი ხაზის ნომერი: 223 44 99.