სიახლეები

ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის ღონისძიება

2020 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის ღონისძიებაში, რომელზეც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის 16-დღიანი კამპანია შეაჯამეს და საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში საერთაშორისო კონვენციებთან დაკავშირებით მომზადებული 2 ეროვნული ანგარიში წარმოადგინეს.

სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ მომზადებული ანგარიშები შეაფასა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ჭრილში.

„საქართველოს კანონმდებლობა კვლავ არ აკმაყოფილებს სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. კერძოდ, სექსუალური ძალადობის დეფინიციები კვლავ არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ასეთ შემთხვევებზე მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას აბრკოლებს. გარდა ამისა, კვლავ არ არის განსაზღვრული ძალადობის მსხვერპლებისათვის მიყენებული ზიანისათვის კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობა, რაც ხშირ შემთხვევაში ძალადობრივი გარემოს დატოვების შესაძლებლობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა,“ - განაცხადა ეკატერინე სხილაძემ.

ონლაინ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გენდერული თანასწორობის კომისიის წევრები საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი შტოებიდან, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)