შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებები

სახალხო დამცველის აპარატმა, სუდანის რესპუბლიკის მოქალაქის მ/წლის 15 ივნისის განცხადების საფუძველზე შეისწავლა საქმე (6812/23) მისი შვილის, მ.მ.ე.ზ.ე.-ს უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესახებ.

განცხადების თანახმად, პირი იმყოფებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. პატიმარი იყო აუტიზმის სპექტრის მქონე პირი, ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ეპილეფსია, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD). აღნიშნული სამედიცინო დიაგნოზისა და ენობრივი ბარიერის გამო, პატიმრის დედას მიაჩნდა, რომ დარღვეული იყო შვილის უფლებები. კერძოდ, მას არ უტარდებოდა საჭირო მკურნალობა, პატიმრის პლასტიკურ ბარათზე დარიცხული თანხით სარგებლობდა სხვა მსჯავრდებული, შშმ პირი იყო ძალადობის მსხვერპლი თანასაკნელის მხრიდან, ენის ბარიერის გამო არ იცოდა მისი უფლებების შესახებ.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შედეგად, ფსიქოლოგმა და სოციალურმა მუშაკმა ბრალდებული შშმ პირის საჭიროებების დადგენის მიზნით განახორციელეს ვიზიტი მ.მ.ე.ზ.ე.-სთან. პატიმარს ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და გამოკვლევები, განემარტა სეირნობის, პაემნებისა და სატელეფონო ზარით სარგებლობის პროცედურები, სოციალურმა მუშაკმა მოთხოვნა გააგზავნა დედასთან პაემნის დანიშვნის შესახებ, სოციალური სამსახური აგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება ძალადობას და თანხის სავარაუდო მითვისებას, მას დაუმზადდა ახალი ბარათი და მისივე სურვილით შეიცვალა საკანი. ადგილზე გასაუბრებისას შშმ პირმა განაცხადა, რომ ძალადობის მის მიმართ ადგილი არ აქვს.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მარიამ მახარაძემ

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)