შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის განათლების უფლება (ინკლუზიური განათლება)

საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მომართა მოქალაქე მ.ს.-მ, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია მისი დაუნის სინდრომის მქონე შვილის გ.წ.-ს უფლებების სავარაუდო დარღვევის თაობაზე. განმცხადებლის 5 წლის შვილი ირიცხება ერთ-ერთ საბავშვო ბაღში. მას აქვს სპეციფიკური საჭიროებები თვით მოვლისა და ჰიგიენური საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით. გამომდინარე იქიდან, რომ სააღმზრდელო დაწესებულებაში არ იყო გამოყოფილი შესაბამისი პერსონალი, მშობელს ყოველდღიურად უწევდა სამსახურიდან შესვენებაზე ბაღში მისვლა მისი შვილისთვის საფენების გამოცვლის მიზნით (საქმე N 3720/22).

სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტმა წერილობით მიმართა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიას და აწარმოა შესაბამისი კომუნიკაცია განმცხადებელთან.

სახალხო დამცველის აპარატის რეაგირების შედეგად ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ინსპექტორმა ჩაატარა მოკვლევა საბავშვო ბაღის მიერ გ.წ.-სთვის გაწეული მომსახურების თაობაზე, რის საფუძველზეც შედგა დასკვნა. დაწესებულებამ, გ.წ.-სთვის ჰიგიენური პროცედურების ჩატარებაში დახმარების გაწევის მიზნით აიყვანა სპეც.ძიძა.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ლიკა ბაციკაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)