ზოგადი წინადადება უმაღლესი განათლების ეტაპზე გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად
2021 წლის 19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა გენდერული იდენტობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.
საქმის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა, რომ არსებული მოწესრიგების შედეგად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, უნივერსიტეტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისთვის ტრანსგენდერ ქალებს ხშირად სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას სთხოვენ.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და გენდერის აღიარების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმის არარსებობის პრობლემას. ამგვარი ზოგადი კონტექსტის ფონზე შეფასდა გამოკვეთილი პრაქტიკის ნეგატიური ეფექტი ტრანსგენდერი ქალების მიმართ, რის გამოც, უმაღლეს განათლებაზე წვდომის უფლების მქონე სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით, ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი გენდერული იდენტობის შესაბამისად ცხოვრებას და, ამავდროულად, განათლების უფლების რეალიზებას.
შედეგად, სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუწოდა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ აბიტურიენტების/სტუდენტების დაწესებულებებში ჩარიცხვის პროცესში პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული სქესის მიხედვით განსაზღვრული ფორმალური წინაპირობების გათვალისწინების ნაცვლად, დანერგონ მოქნილი მექანიზმები/მიდგომები უმაღლეს განათლებაზე ტრანსგენდერი ქალების შეუფერხებელი წვდომის უზრუნველსაყოფად.