სახალხო დამცველმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის დაწესებასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
2020 წლის 9 სექტემბერს პანდემიის პირობებში ქვეყანაში შემოსვლის წესების სავარაუდო დისკრიმინაციულობის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა.
საქართველოს სახალხო დამცველისთვის დისკრიმინაციის ვარაუდი წარმოიშვა ასევე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მქონე სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით. უფრო კონკრეტულად, იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც არ არიან ევროკავშირის შესაბამისი ხუთი ქვეყნის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა, ლიეტუვის რესპუბლიკა, ესტონეთის რესპუბლიკა) ჩამონათვალში. მათთვის მოქმედებს 12 დღიანი სავალდებულო კარანტინი.
სასამართლოსთვის წარდგენილი მოსაზრების მიხედვით, მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად გამოსადეგია განსხვავებული - უფრო მსუბუქი ან მკაცრი რეგულაციების დაწესება მხოლოდ მოქალაქეობის მიხედვით. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია სასამართლომ იმსჯელოს, განსხვავებული რეგულაციები რამდენად იძლევა საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას - ამუშავდეს ეკონომიკა - პირის საქართველოში ჩამოსვლის მიზნის და ხანგრძლივობის შეფასების გარეშე, ე.წ. ოჯახური კლასტერების კონტროლის ხარჯზე; შენარჩუნდეს საზოგადოებრივი წესრიგი და ჯანმრთელობა; დაცული იყოს აღნიშნულ ხუთ სახელმწიფოსთან ორმხრივი შეთანხმება (ნაცვალგების პრინციპი).