სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს

2018 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავს. 2018 წლის 5 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩაბუქის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ეროვნულ კანონმდებლობას.

  • სისხლისსამართლებრივი დევნა სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით

საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ წარდგენილი ბრალდება ბუნდოვანი ხასიათისაა და არაგანჭვრეტად ნორმას ეფუძნება. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები მიუთითებს, რომ აღნიშნული სახის ბრალდებით დევნიან პოლიტიკურ აქტივისტებს, რათა მათ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა წაერთვათ.

  • სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რისკი

ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის დიდი ალბათობა. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ბრალდებულებს წაერთვათ ადვოკატთან კონფიდენციალური წვდომის უფლება და ასევე ვერ სარგებლობენ სხვა მნიშვნელოვანი გარანტიებით.

  • წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკი

თურქეთის რესპუბლიკის ციხეებში შემაშფოთებლად მაღალია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე. წამების სისტემური შემთხვევების მიუხედავად, მათი გამოძიება არ ხდება, ხოლო მსხვერპლები ხშირად უკვალოდ უჩინარდებიან.

  • დიპლომატიური გარანტიების გათვალისწინების რისკი

საქართველოს სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიიჩნევს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეში თურქეთის სახელმწიფოს მიერ წარდგენილი დიპლომატიური გარანტიები არ უნდა იქნას გაზიარებული. ისინი არ პასუხობს საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დადგენილ სამართლებრივ მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისთვის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ანალოგიური ბრალდებით ძებნილი პირების გადაცემაზე ერთხმად ამბობენ უარს, ხოლო ამავე სახელმწიფოთა სასამართლოები არასანდოდ მიიჩნევენ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილ დიპლომატიურ გარანტიებს.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების იმპერატიულ დანაწესებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.



5.02.18

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)