სახალხო დამცველის განცხადება მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ
საქმეზე, რომელზეც საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა, მსჯავრდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებული სრულად გამართლდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენში სახელდებით არ არის მითითებული სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაზე (Amicus Curiae), მისასალმებელია, რომ საკასაციო პალატის მიერ შეფასებული და გაზიარებულია სახალხო დამცველის არგუმენტები, ნეიტრალური მტკიცებულებების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველი, კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის გათვალისწინებით, ვერ აფასებს პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის საკითხებს და სასამართლოებს მხოლოდ ადამიანის უფლებების სტანდარტების შესახებ ანალიზსა და არგუმენტაციას წარუდგენს.
ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც სახალხო დამცველს ხშირად მომართავენ ხოლმე ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები, ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის ფონზე მათთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ეხება.
სწორედ, მოცემულ საკითხს შეეხებოდა წინამდებარე საქმეც, სადაც პირი დააკავეს და ორი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისათვის (სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით).
გამოძიების მიმდინარეობისას ბრალდების მხარეს არ უცდია მოეპოვებინა იმგვარი ნეიტრალური მტკიცებულება (პირადი ჩხრეკის ამსახველი), რაც ობიექტურ დამკვირვებელს, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. ჩხრეკის შედეგად იარაღის ამოღების ფაქტს ადასტურებდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციელების ჩვენებები.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება, რომ პირადი ჩხრეკის ჩატარების დროს არ იყო დაცული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა (გადაწყვეტილება საქმეზე „ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები, ვინაიდან ბრალდების მხარეს არც საგამოძიებო მოქმედების - პირადი ჩხრეკის ჩატარებისას და არც შემდეგ არ უცდია ნეიტრალური მტკიცებულებების (ვიდეოჩანაწერების) მოპოვება.
ნეიტრალური მტკიცებულებების მნიშვნელობისა და მათი მოპოვების მიზნით სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ყველა შესაძლო მცდელობის აუცილებლობის საკითხებზე სახალხო დამცველის აპარატი წლებია საუბრობს. სახალხო დამცველს არაერთი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება აქვს გაგზავნილი საერთო სასამართლოებში, იმ მიზნით რომ სასამართლოებმა ჩამოაყალიბონ ერთიანი მიდგომა, რაც სამართალდამცავ უწყებებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პრაქტიკის გატარებისკენ უბიძგებს.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განაჩენი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადამიანის უფლებების სათანადო დაცვაში და ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო და ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებებით დადგენილი სტანდარტის იმპლემენტაციას საერთო სასამართლოების პრაქტიკაში, რათა ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების/მცდელობის გარეშე არ მოხდეს ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს ამ მიმართულებით სამართალდამცავი უწყებების მიმართ აქტიური მონიტორინგის განხორციელებას.