საინფორმაციო ბიულეტენი

საინფორმაციო ბიულეტენი კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის შესახებ

2016 წლის 20 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ოსური ფორუმის მონაწილეებს კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის შესახებ რიგით მეორე საინფორმაციო ბიულეტენი წარუდგინა.

დოკუმენტში შესულია ინფორმაცია სახალხო დამცველის მიერ 2015 წლის განმავლობაში გამართული შეხვედრების, გამოცემული ანგარიშების, რეკომენდაციებისა და წინადადებების, წარმატებული საქმეების შესახებ; ასევე ასახულია ოსური ფორუმის საქმიანობა და სახალხო დამცველის საგანმანათლებლო და ნდობის აღდგენის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები. ბიულეტენში ასევე იხილავთ ინტერვიუს ექსპერტ იორგენ იოჰანსენთან, რომელიც ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტის ურთიერთმიმართებაზე საუბრობს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები პირების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას და მათ დაცვას.

2015 წელს გარკვეული სიახლეებია სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის კუთხით საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისათვის. თუმცა, სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მათთვის კვლავ არათანაბარია.

2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა წარადგინა სპეციალური ანგარიში - „საქართველოში მცხოვრები ოსური თემის მიგრაცია და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ცალკეული პრობლემები“. ანგარიშს საფუძვლად დაედო 2014 წელს ჩატარებული კვლევა, რომლის მიზანი იყო 1991–1993 წლებში შეირაღებული კონფლიქტებისა და ეთნიკური დაძაბულობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა და დარღვეული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელი რეკომენდაციების შემუშავება.

სახალხო დამცველმა 2015 წელს სპეციალური ანგარიში მიუძღვნა გალის რაიონში განათლების უფლების პრობლემებს. ანგარიშში „განათლების უფლება გალის რაიონში: 2015-2016 სასწავლო წლის სიახლეები და თანმდევი პრობლემები“ - დეტალურადაა აღწერილი 1995 წლიდან დღემდე გალის მკვიდრთა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის, დისკრიმინაციისა და ბავშვებზე ძალადობის ფაქტები და წარმოდგენილია შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. ანგარიშში ასახულია ის ღონისძიებებიც, რომლებიც სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია ადგილობრივ მკვიდრთა უფლებების დასაცავად.

2015 წლის განმავლობაში სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდებოდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებებს, როგორც გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ისე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ თემებში; გაიმართა არაერთი შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

20.05.16

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)