ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2016 წლის მარტი
საქართველოს სახალხო დამცველმა მარტის თვის საინფორმაციო ბიულეტენი გამოსცა. ბიულეტენში თვის განმავლობაში მიმდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენებია ასახული. რა თქმა უნდა, ძირითადი ადგილი საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 1260 გვერდიანი ანგარიშის წარდგენამ დაიკავა.
სახალხო დამცველმა თავის მისალმებაში მოკლედ მიმოიხილა ანგარიშში შესული საკითხები, ისაუბრა გასული წლის დადებით და უარყოფით ტენდენციებზე, აღნიშნა, რომ დოკუმენტის 34 თავში მოცემულია სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრი და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებული ძირითად რეკომენდაციები, რომელთა შესრულების დროულობასა და ხარისხზე დიდად იქნება დამოკიდებული ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება ქვეყანაში.
აქვე იხილავთ ინფორმაციას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „წამმზომი ჩართულიას“ შესახებ. კამპანია სახალხო დამცველის ინიციატივაა და ასეთი ფორმატით პირველად განხორციელდა.
ბიულეტენში გაეცნობით ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებისადმი გაგზავნილი რეკომენდაციებსა და წინადადებებს, სამოქალაქო განათლების კუთხით ჩატარებულ სამუშაოს, საერთაშორისო სივრცეში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიმდინარე მოვლენებს.
შეიტყობთ მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებისა და ვიზიტების შედეგებს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია, სახალხო დამცველის სიტყვით გამოსვლა ჟენევაში, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის შეხვედრაზე, სადაც საქართველოს სახალხო დამცველი სამი წლის ვადით აირჩიეს ორგანიზაციის ბიუროს სრულუფლებიან წევრად; ასევე ზედიზედ მეორედ აირჩიეს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) საკოორდინაციო კომიტეტის (ECC) წევრად, ამასთან, ფინანსური კომიტეტის წევრადაც.
იმედია მარტის თვის საინფორმაციო ბიულეტენი მკითხველისთვის საინტერესო და ინფორმაციული იქნება.