ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2015 წლის ნოემბერი
საქართველოს სახალხო დამცველმა ნოემბრის თვის საინფორმაციო ბიულეტენი გამოაქვეყნა. დოკუმენტში ტრადიციულად საქართველოში და საერთაშორისო სივრცეში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით განვითარებული მოვლენებია ასახული.
სახალხო დამცველის აპარატისთვის ნოემბრის მნიშვნელოვანი სიახლე იყო ცხელი ხაზის ამოქმედება სატელეფონო ნომრით – 1481, რომელიც მოქალაქეებს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებების მხრიდან ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევებზე, მათ შორის, წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე.
ნოემბერში, აპარატის რეგიონული საქმიანობის განვითარების მიზნით, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ოფისი ამოქმედდა, ამჟამად ოზურგეთში. სახალხო დამცველს უკვე 8 რეგიონული ოფისი აქვს, რაც ნიშნავს, რომ აპარატი მთელი საქართველოს მასშტაბით ამყარებს მოქალაქეებთან ურთიერთობას, იღებს მათგან ინფორმაციას ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, სწავლობს, ამუშავებს და ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს შესაბამისი უწყებების მიმართ. სახალხო დამცველის აპარატი ასევე აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების საქმეში.
ბიულეტენში იხილავთ ინფორმაციას სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ორი სპეციალური ანგარიშის შესახებ. ანგარიშში – „განათლების უფლება გალის რაიონში: 2015-2016 სასწავლო წლის სიახლეები და თანმდევი პრობლემები“, საუბარია გალის რაიონის ყველა დაწყებით კლასებში ქართულის ნაცვლად, რუსულ ენაზე სწავლებისა და სასწავლო პროცესიდან ქართული ენის სრულიად განდევნის საკითხზე. მეორე ანგარიში პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა მოამზადა და საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მოთხოვნის/საჩივრის განხილვის მექანიზმს ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ხასიათის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა.
გაეცნობით სახალხო დამცველის საერთაშორისო ვიზიტებსა და შეხვედრებს, მონიტორინგისა და კვლევების ამსახველ ანგარიშებს, სახალხო დამცველის აპარატის რეაგირებებს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე.
ნოემბრის ბიულეტენი, სხვა თვეების ნომრების მსგავსად, სავსეა სხვა მრავალფეროვანი და საინტერესო ინფორმაციით.