ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2015 წლის ივლისი
ივლისის თვის საინფორმაციო ბიულეტენში სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მნიშვნელოვანი აქტივობებია ასახული. მათ შორის, იხილავთ სახალხო დამცველის გამოსვლას პარლამენტის პლენარულს სხდომაზე, სადაც უჩა ნანუაშვილმა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარმოადგინა და პარლამენტართა კითხვებს უპასუხა. საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, სახალხო დამცველის ანგარიში შესული რეკომენდაციების შესრულებას მონიტორინგს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი გაუწევს.
ბიულეტენში ასევე იხილავთ ინფორმაციას სახალხო დამცველისა და მისი წარმომადგენლების გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე მომუშავე ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გამართული ოფიციალური შეხვედრების შესახებ.
ივლისში სახალხო დამცველმა განმარტებები გააკეთა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასებასთან დაკავშირებით და ანგარიშში ასახულ უზუსტობებზე მიუთითა; წარმოადგინა ბავშვთა უფლებების ცენტრისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ მცირე საოჯახო ტიპის სახლების მონიტორინგის შედეგები; ათამდე რეკომენდაციითა და წინადადებით მიმართა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს; მოსაზრება წარუდგინა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ კანდიდატთა შორის გენდერული ბალანსის დაცვის მიზნით დროებითი კვოტირების შემოღების შესახებ; გამართა საჯარო დებატები თემაზე: არის თუ არა სახელმწიფო მზად ეკომიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად.
ივლისში კიდევ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელთა შესახებაც დეტალურ ინფორმაციას ბიულეტენში იხილავთ.