ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2015 წლის იანვარი
სახალხო დამცველმა იანვრის თვის საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა. იანვარში სახალხო დამცვლის აპარატში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. აპარატის გაზრდილმა ფუნქციებმა და ადამიანის უფლებების დაცვისადმი მომატებულმა პასუხისმგებლობამ სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. შესაბამისად, ბევრი რამ შეიცვალა. სახალხო დამცველს კიდევ ერთი მოადგილე დაემატა, მართლმსაჯულების დეპარტამენტი ორ დეპარტამენტად ჩამოყალიბდა; შშმ უფლებების ცენტრი დეპარტამენტად გადაკეთდა. ამასთან, იანვარში პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის ახალი წევრები შეირჩა.
ბიულეტენის მთავარ თემაში შესულია გასული წლის განმავლობაში სხვადასხვა უწყებისათვის გაგზავნილი რეკომენდაცია/წინადადებების შესრულების ანგარიში. კვლევა მოიცავს არა მხოლოდ სტატისტიკურ, არამედ ხარისხობრივ მაჩვენებლებს, მათ შორის შესრულების ვადებს, დარღვეული უფლების აღდგენის ფაქტებს, განხორციელებული ღონისძიებების ეფექტურობას და შედეგს. მართალია, რეკომენდაცია/წინადადებების თითქმის ნახევარი (49%) არ შესრულდა, მაგრამ გასულ წლებთან შედარებით მაინც უკეთესი მდგომარეობა გამოიკვეთა.
ასევე იხილავთ სახალხო დამცველის კვლევას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაარდიაანთკარის მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ; იანვარში გასულ რეკომენდაციებსა და წინადადებებს, ინფორმაციას შეხვედრებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საჯარო დებატებს „არასათანადო მოპყრობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში - რამდენად ადეკვატურია სახელმწიფოს რეაგირება?“. იხილავთ მოსაზრებებსა და შეხედულებებს, პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.
უნდა აღინიშნოს, რომ საინფორმაციო ბიულეტენი გასული წლის იანვრიდან, უკვე ერთი წელია მზადდება ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის მხარდაჭერა“ დაფინანსებითა და თანადგომით.