ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2015 წლის აგვისტო–სექტემბერი
სახალხო დამცველმა აგვისტოსა და სექტემბრის ერთიანი საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა. დოკუმენტში მოკლედ არის მოცემული აპარატის მიერ ორი თვის განმავლობაში მომზადებული რეკომენდაციები და წინადადება, რომლებიც რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა; ასევე იხილავთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკითხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს.
ბიულეტენში შესულია დახურული ინსტიტუციების მონიტორინგის შედეგები და სპეციალური ანგარიშები; სახალხო დამცველის შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე შეხვედრები თუშეთის სოფლების მაცხოვრებლებთან და ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებთან. გაეცნობით სახალხო დამცველისა და მისი აპარატის ინიციატივებს ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების ძიების შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე გამოშვებაში სიახლეა. მომართვიანობის სტატისტიკურ მაჩვენებელს, რომელიც შემოსული განცხადებების სახალხო დამცველის აპარატის სამსახურების მიხედვით გადანაწილებას ასახავდა, თემატური მაჩვენებელიც დაემატა, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით განსაკუთრებულად მწვავე სფეროებს წარმოაჩენს და სახალხო დამცველს სამომავლო პრიორიტეტების დასახვაში დაეხმარება. აგვისტო–სექტემბრის მონაცემებით, მთავარი გამოწვევა პატიმართა უფლებების კუთხით დგას, შემდეგ მოდის სამოქალაქო უფლებები, პოლიტიკური უფლებები, სოციალური და ეკონომიკური უფლებები და ა.შ. დეტალურ ინფორმაციას ბიულეტენში იხილავთ.
იმედია, სახალხო დამცველის საინფორმაციო ბიულეტენი მკითხველისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება.