საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი - პერიოდული გამოცემა, 2014 წლის ივლისი – აგვისტო

2014 წლის 5 სექტემბერს სახალხო დამცველმა #7 საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა, რომელშიც გასული 2 თვის საქმიანობაა ასახული. ამ პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა 13 რეკომენდაცია და წინადადება მიაწოდა შესაბამის უწყებებს, 7 საკანონმდებლო ცვლილება განიხილა და წარუდგინა საქართველოს პარლამენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაეს სასამართლოს; მოქალაქეთა 1 348 განცხადება მიიღო და მათგან, 1 242 განცხადების შესწავლა დაიწყო.

ბიულეტენის მთავარი თემა არის 2013 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებთა მდგომარეობის შესახებ ანგარიშის განხილვა და საქართველოს პარლამენტის დადგენილება, რომელშიც სახალხო დამცველის ყველა ძირითადი რეკომენდაცია აისახა და რომელმაც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები დაავალდებულა კონკრეტულ ვადებში წარმოადგინონ ანგარიში მათდამი გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტმა დადებითად შეაფასა სახალხო დამცველის ინიციატივა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით და საკითხის გადასაჭრელად შესაბამის უწყებებთან და სახალხო დამცველთან მუშაობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

ბიულეტენში შესულია სახალხო დამცველის შეხვედრები მაღალმთიანი და საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობასთან, ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის გზების ძიება.

დოკუმენტში ერთად არის თავმოყრილი სახალხო დამცველის შეხვედრები. ასევე, განცხადებები, შეხედულებები და დამოკიდებულებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი; სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე ცვლილებები; საერთაშორისო სივრცეში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით არსებულ სიახლეები.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)