ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი (GANHRI)
1993 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ეროვნული ინსტიტუტების სტატუსთან დაკავშირებული პრინციპები, ე.წ. პარიზის პრინციპები, რომელშიც გაწერილია ძირითადი კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები (NHRI). ეს პრინციპები უზრუნველყოფენ NHRI-ების ეფექტურ ფუნქციონირებას და მოიცავენ შემდეგ საკითხებს: ფართო მანდატი და კომპეტენცია, ავტონომია მთავრობისგან, დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიები, პლურალიზმი, შესაბამისი რესურსები და შესაბამისი უფლებამოსილება ადამიანის უფლებათა დასაცავად, თანამშრომლობა სხვა საჯარო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ჩართულობა.
პარიზის პრინციპები წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც გაეროს წევრი სახელმწიფოებისთვის ამკვიდრებს უმაღლეს სტანდარტებს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები რეალურად დამოუკიდებელ ინსტიტუტებად ჩაითვალონ. სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით ფასდება, თუ რა სტატუსი მიენიჭება NHRI-ს აკრედიტაციის შედეგად - “A” თუ “B”.
აღნიშნული პრინციპების მიღების პარალელურად, NHRI-ების გასაძლიერებლად და მათი პარიზის პრინციპების შესაბამისად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად 1993 წელს, დაარსდა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საკოორდინაციო კომიტეტი, რომელსაც 2016 წლიდან ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი (GANHRI) ეწოდება. GANHRI წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს 110-ზე მეტ NHRI-ს მთელი მსოფლიოდან და ერთ-ერთი უდიდესი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ქსელია.
GANHRI-ს მიზნებია:
- NHRI-ების აქტივობების კოორდინაცია საერთაშორისო დონეზე, მათ შორის:
- თანამშრომლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, მათ შორის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR), ადამიანის უფლებათა საბჭოსა და მის მექანიზმებთან, გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოებთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
- NHRI-ებსა და რეგიონულ ქსელებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა;
- წევრებს, დაინტერესებულ მხარეებსა და ზოგ შემთხვევაში, საზოგადოებას შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა;
- ცოდნის დაგროვება და მენეჯმენტი;
- მითითებების, პოლიტიკის დოკუმენტებისა და განცხადებების შემუშავება;
- ინიციატივების განხორციელება;
- კონფერენციების ორგანიზება.
- პარიზის პრინციპების შესაბამისად NHRI-ების დაფუძნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა ისეთი აქტივობებით, როგორიცაა:
- ახალი წევრების აკრედიტაცია;
- აკრედიტაციის პერიოდული განახლება;
- აკრედიტაციის სპეციალური გადახედვა;
- საფრთხის ქვეშ მყოფი NHRI-ებისთვის დახმარების გაწევა;
- ტექნიკური დახმარების წახალისება;
- განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების ძიება NHRI-ებისთვის და ა.შ.
GANHRI-ს სათავო ოფისი მდებარეობს ჟენევაში და ორგანიზაციის საქმიანობა ხორციელდება შემდეგი სტრუქტურული ერთეულების საშუალებით: გენერალური ასამბლეა, რეგიონული ქსელები, ბიურო, აკრედიტაციის ქვეკომიტეტი და ფინანსური კომიტეტი.
GANHRI-ს წევრი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი NHRI, რომელსაც სურს გაიაროს აკრედიტაცია პარიზის პრინციპების შესაბამისად. ამ მიზნით NHRI განცხადებით მიმართავს GANHRI-ს თავმჯდომარეს და სამდივნოში წარადგენს შესაბამის დოკუმენტებს. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ბიურო აკრედიტაციის ქვეკომიტეტის რეკომენდაციაზე დაყრდნობით. ბიუროს გადაწყვეტილებით NHRI იღებს “A” ან “B” სტატუსს. აკრედიტაციის შემდეგ NHRI მიმართავს ორგანიზაციის თავმჯდომარეს წევრობის თაობაზე. “A” სტატუსის მქონე NHRI-ები სრულად შეესაბამებიან პარიზის პრინციპებს და ხდებიან ორგანიზაციის წევრები ხმის უფლებით, ხოლო “B” სტატუსის მქონე NHRI-ები ნაწილობრივ შეესაბამებიან პარიზის პრინციპებს და არ აქვთ ხმის მიცემის უფლება. საქართველო სახალხო დამცველი ალიანსის წევრი 2007 წელს გახდა და ამ წელსვე მიენიჭა “A” სტატუსი. ბოლო აკრედიტაცია სახალხო დამცველმა გაიარა 2024 წელს და კიდევ ერთხელ მიენიჭა A” სტატუსი.
გამომდინარე იქიდან, რომ GANHRI აერთიანებს ინსტიტუტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რეგიონული კოორდინაციისთვის ორგანიზაციის ფარგლებში შექმნილია რეგიონული ქსელები, რომლებიც უზრუნველყოფენ უფრო ახლო თანამშრომლობას NHRI-ებთან და რეგიონული ღონისძიებების ჩატარებას. ეს ქსელებია:
- ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი (ENNHRI);
- ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების აზია-წყნარი ოკეანის ფორუმი (APF);
- ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების აფრიკული ქსელი (NANHRI);
- ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ამერიკული ქსელი (RINDHCA).
აღსანიშნავია, GANHRI-ს ბიურო, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციის აღმასრულებელ ორგანოს, შედგება 16 “A” სტატუსის მქონე NHRI-ისგან (4 წევრი თითოეული რეგიონიდან GANHRI-ს თავმჯდომარისა და მდივნის ჩათვლით). წევრები აირჩევიან 3 წლის ვადით რეგიონული ქსელების მიერ, რომელთა რატიფიკაციას ახდენს გენერალური ასამბლეა (თავმჯდომარისა და მდივნის ჩათვლით). საქართველოს სახალხო დამცველი 2016-2019 წლებში იყო ბიუროს წევრი ევროპის რეგიონიდან და 2024 წელს კიდევ ერთხელ აირჩიეს ბიუროს წევრად.