რელიგია

წინადადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს

2020 წლის 29 ივლისს სახალხო დამცველმა ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზების პროცესში რელიგიური საჭიროებების გათვალისწინებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინადადებით მიმართა.

წინადადებას საფუძვლად დაედო მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესიის მრევლი აბიტურიენტების განცხადება. აბიტურიენტებს ინგლისური ენის გამოცდა შაბათ დღეს დაენიშნათ. ვინაიდან, მათი რელიგია შაბათ დღეს სეკულარულ ღონისძიებებში მონაწილეობას კრძალავდა, განმცხადებლები გამოცდის სხვა დღეს ჩაბარების შესაძლებლობას ითხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს.

სახალხო დამცველის აპარატმა საკითხი რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების ჭრილში შეისწავლა და დაადგინა რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების მარეგულირებელი კანონმდებლობა რეგისტრაციის პროცესში აბიტურიენტებს არ აძლევს შესაძლებლობას საკუთარი რელიგიური საჭიროებების შესახებ განაცხადონ. ასევე, არ არსებობს გამოცდების ორგანიზების პროცესში აღნიშნული მხედველობაში მიღების მექანიზმიც. სახალხო დამცველის შეფასებით, აბიტურიენტები, რომლებიც საკუთარი რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე იძულებულები იყვნენ უარი ეთქვათ კონკრეტულ დღეს გამოცდაში მონაწილეობაზე, არათანაბარ მდგომარეობაში იყვნენ იმ აბიტურიენტებთან მიმართებით, რომელთა რელიგიაც განსხვავებული შეხედულების არის მსგავს საკითხებზე.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარ განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და რელიგიის თავისუფლებით დაცულ სფეროში ჩარევასთან ერთად, სახეზეა თანასწორობის უფლებაში არამართლზომიერი ჩარევის ფაქტიც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა წინადადებით ერთიანი ეროვნული გამოცდების მარეგულირებელ აქტში იმგვარი ცვლილებების განხორციელება მოითხოვა, რომელიც გამოცდების ორგანიზების პროცესში რელიგიურ საჭიროებებს გაითვალისწინებს.

მიმაგრებული ფაილები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)