რეკომენდაციები.

სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის საქმეებზე არაეფექტური რეაგირების გამო რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს

2017 წლის 29 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ოჯახში ძალადობის საქმეებზე არაეფექტური რეაგირების გამო რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დამცავი და შემაკავებელი ორდერების აღსრულების მონიტორინგის სისტემის დანერგვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რისკის შეფასების ინსტრუქციის შემუშავება და თითოეულ ოჯახში ძალადობის საქმეზე ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის გაწერა. ასევე, უნდა ჩატარდეს შესაძლო ოჯახში ძალადობის და ოჯახური კონფლიქტის შესახებ სსიპ 112–ის სამსახურში მიღებული შეტყობინებების ანალიზი.

საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა ქალის მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე სავარაუდო მიყვანის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პოლიცია ინფორმირებული იყო ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, მაგრამ მსხვერპლთა განმეორებითი ძალადობისაგან დაცვა ვერ მოხერხდა.

ხ.ა.-ს მკვლელობის მცდელობის ფაქტამდე, ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით გამოცემული იყო 2 შემაკავებელი ორდერი; ა.ლ.-ს სავარაუდო თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტამდე პოლიციაში 17 შეტყობინება იყო დაფიქსირებული; ე.ნ.-ს სავარაუდო თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტამდე მის მიმართ სავარაუდო ოჯახში ძალადობის შესახებ 3 შეტყობინება დაფიქსირდა და გამოძიებაც დაიწყო, თუმცა ქალის დასაცავად ადმინისტრაციული მექანიზმები გამოყენებული არ ყოფილა.

საქმეთა შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული რეაგირება ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში არათანმიმდევრულია, რაც გატარებულ ღონისძიებებს არაეფექტიანს ხდის და ვერ უზრუნველყოფს დაზარალებულთა/მსხვერპლთა დაცვას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)