რეკომენდაციები.

სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის საქმეებზე არაეფექტური რეაგირების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა

2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის ორ საქმეზე არაეფექტური რეაგირების გამო რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ერთ-ერთი საქმე შეეხება ს.ს.-ს მიმართ ოჯახის წევრების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას. განმცხადებელი უთითებდა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც პოლიცია ინფორმირებული იყო. საქმის შესწავლისას გამოვლინდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ფაქტები მხოლოდ ზედაპირულად შეისწავლა; ასევე, სრულიად უგულებელყო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებები შემაკავებელი და დამცავი ორდერების თაობაზე და არ ახორციელებდა მათ შემდგომ მონიტორინგს. მონიტორინგის განუხორციელებლობის გამო, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოწერამ აზრი დაკარგა და ძალადობა არ იქნა აღმოფხვრილი.

მეორე საქმე შეეხება გ.ი.-ს მხრიდან სისტემატიურ ოჯახში ძალადობას. მოცემულ საქმეში პოლიციის წარმომადგენელებს გაუჭირდათ ეკონომიკური ძალადობის და მუქარის იდენტიფიცირება. საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პოლიციის მიერ დაცვის მხოლოდ ადმინისტრაციული მექანიზმები იქნა გამოყენებული, რაც ოჯახის წევრთა უსაფრთხოების დაცვას ვერ უზრუნველყოფდა მექანიზმების არათანმიმდევრული ხასიათის გამო.

რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა საქმეების საფუძვლიანად შესწავლა და ქმედითი ღონისძიებების გატარება ოჯახის წევრთა დასაცავად. ასევე, სამინისტროს ეთხოვა, საქართველოს სახალხო დამცველს დროულად და სრულყოფილად მიეწოდოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოთხოვილ ინფორმაციებზე პასუხი, რადგან ხშირად არასრულად და დაგვიანებით მოწოდებული ინფორმაცია ხელისშემშლელია ძალადობის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების განსახორციელებლად.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დროულად განახორციელებს რეაგირებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)