რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია სსიპ სამტრედიის N 15 საჯარო სკოლის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სსიპ სამტრედიის N15 საჯარო სკოლის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის შესახებ.

რეკომენდაციის მომზადებას საფუძვლად უდევსსახალხო დამცველის რწმუნებულებისა და მოწვეული ექსპერტ-ფსიქოლოგის მიერ სსიპ სამტრედიის N15 საჯარო სკოლაში განხორციელებული მონიტორინგი, რომლის დროსაც გამოიკვეთა, რომ სამტრედიის N15 საჯარო სკოლაში არსებული მდგომარეობა ვერ პასუხობს არასრულწლოვანთა აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსების მიზნებს და არ არის მორგებული ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, განსაკუთრებით კი, არ არის ორიენტირებული მათ რესოციალიზაციაზე.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების სრულად დაცვის, მათთვის შესაბამისი სოციალური და ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფის, რესოციალიზაციის, პიროვნული განვითარების, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების სრულად გამოვლენის უფლებით სარგებლობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა ღონე უნდა იხმაროს სამტრედიის N15 საჯარო სკოლის არსებული მოდელის შეცვლისა და არსებული რეფორმის განხორციელებისთვის; კერძოდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აღნიშნული სკოლაში მოთავსებულ არასრულწლოვანთა საჭიროებების უზრუნველყოფისა და მათი საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით, აუცილებელია, შემუშავდეს ბენეფიციართა მომსახურების ტექნიკური რეგლამენტი და ზრუნვის სტანდარტი, რომლის საფუძველზეც უნდა შემუშავდეს ბენეფიციართა რესოციალიზაციის დეტალური, ზოგადი და ინდივიდუალური გეგმები, სადაც გაიწერება კონკრეტული შემეცნებითი, განმავითარებელი, შემოქმედებითი, სპორტული და სხვა საქმიანობები; გარდა ამისა, ბავშვების პანსიონში განთავსებამდე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად და ყოველმხრივ უნდა იქნეს შემოწმებული ბავშვების მიმართ მსგავსი უკიდურესი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, მიზანშეწონილობა და დასაბუთებულობა; ამასთან, მიეცეს ბავშვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)