რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია მ.მ-ს, ლ.მ-ს და ლ.მ-ს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების ხელყოფის შესახებ

2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაინტერესებული პირების კანონიერი ინტერესების შელახვასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის წინაშე განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს უარი ეთქვათ საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით არ არის შემოღობილი და არ დასტურდება მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა ნაკვეთის შემოღობვა მოხსნა 2007 წლის ზაფხულში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა მოთხოვნის გამო.

სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი არაერთი სასამართლო გადაწყვეტილებით, რომელთა თანახმადაც კომისიას უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებები. აღნიშნულის მიუხედავად, კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი გადაწყვეტილებების დასაბუთება არათუ განივრცო, არამედ საკითხი ფორმალურად გადაწყდა პირდაპირი მითითებით, რომ არ დასტურდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას საჭიროა, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების მითითების გზით აქტის წერილობითი დასაბუთების განსაკუთრებით მაღალი ხარისხი, ვინაიდან დასაბუთება მნიშვნელოვანია თვითნებობის გამოსარიცხად, მისი იგნორირება კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველია. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, აგრეთვე, რომ სასამართლოს მითითებას გარკვეული გარემოებების შესწავლა-გამოკვლევის აუცილებლობის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოსთვის სავალდებულო ძალა აქვს.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ბათილად ცნოს გადაწყვეტილება განმცხადებლებისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებში მითითებული გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად მიიღოს ახალი გადაწყვეტილება მ.მ-ს, ლ.მ-ს და ლ.მ-ს მიმართ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)