რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლებში წყლის მისაწვდომობისა და სანიტარულ–ინფრასტრუქტურული გარემოს მოწყობის თაობაზე

2018 წლის 19 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების მუჟალისა და ბეჩოს საჯარო სკოლებში უსაფრთხო წყლის მისაწვდომობის, რეაბილიტაციისა და სანიტარულ-ინფრასტრუქტურული გარემოს მოწესრიგებისათვის დროული ღონისძიებების გასატარებლად.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სკოლებში ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური გარემო არ შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულაციებს და შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს.

სკოლების საპირფარეშოები მოთავსებულია ეზოში. საპირფარეშოებს არ მიეწოდება სამეურნეო გამოყენების წყალი, არ არის მოწყობილი წყალჩამრეცხი მოწყობილობა, ხელსაბანები, ონკანები და კანალიზაციის სისტემა. სკოლებში არ ფუნქციონირებს ბუფეტი, სამედიცინო კაბინეტი და სპორტული დარბაზი.

სოფელ ბეჩოს სკოლაში სამეურნეო მოხმარებისათვის გამოიყენება წყაროს წყალი, რომელიც სკოლის ეზოში ჩამოედინება მოსახლეობასთან საერთო სარგებლობის წყლის ავზიდან. სკოლაში მომდინარე წყლის უვნებლობა ამ დრომდე არ არის გამოკვლეული. სკოლის შენობის ნაწილი ავარიულია, მოძველებულია სასწავლო–სააღმზრდელო ინვენტარი. სოფელ მუჟალის საჯარო სკოლაში არ არის ხელმისაწვდომი სასმელი წყალი, არ არის მოწყობილი წყალმომარაგების ცენტრალური და ადგილობრივი სისტემა.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აუცილებელია გატარდეს გადაუდებელი ღონისძიებები წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენური პირობების კეთილმოწყობისათვის, საპირფარეშოების რეაბილიტაციასა და სანიტარული კვანძების გაუმჯობესებისთვის. გონივრულ ვადებში უნდა მოხდეს სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, ხოლო სოფელ მუჟალის საჯარო სკოლაში წყლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფად.

იხილეთ რეკომენდაციის ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)