რეკომენდაციები.

სახალხო დამცველი ბინადრობის ნებართვის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ახალი დასაბუთებული აქტის გამოცემას ითხოვს

2017 წლის 18 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის ხელახლა შესწავლისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რ.პ.-ს უარი განუცხადა საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. კანონმდებლობის თანახმად, უსაფრთხოების დაცვის ინტერესის არსებობის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწვდის. საქართველოს სახალხო დამცველმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ის დოკუმენტაცია გამოითხოვა, რაც საფუძვლად დაედო რ.პ.-სთან მიმართებაში სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესის არსებობას.

მოწოდებული კორესპონდენციის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის მიზეზი არ იყო დასაბუთებული. ამასთან, სააგენტოს გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული კანონით განსაზღვრულმა, კონკრეტულად რომელმა შემთხვევამ განაპირობა დასახელებული ინტერესის დაცვის საჭიროება. ამდენად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დოკუმენტითა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, განმცხადებელს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ცხოვრების შესაძლებლობა მართლსაწინააღმდეგოდ შეეზღუდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მასალები თავისი შინაარსით კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს და კანონმდებლობა ზღუდავს მისი მხარისთვის გასაჯაროვების შესაძლებლობას. თუმცა, ხსენებული გარემოება ადმინისტრაციულ ორგანოს სრულად არ ათავისუფლებს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებებისაგან, ვინაიდან ასეთ დროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება კონფიდენციალობის პრინციპისა და მხარისათვის კანონით აღიარებული გარანტიების სრული დაცვით უნდა მოხდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და რ.პ.-სთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხზე ახალი დასაბუთებული დოკუმენტის მომზადება და სააგენტოსთვის მიწოდება მოითხოვა. ამავე რეკომენდაციით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცემა მოეთხოვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)