რეკომენდაციები.

სახალხო დამცველმა ბინადრობის ფორმის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართა

2021 წლის 23 ივლისს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას ბინადრობის ფორმის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირების განცხადებები, სადაც ისინი მიუთითებდნენ, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციები, რომელიც მათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას უკრძალავს, დისკრიმინაციულია.

როგორც საქმის შესწავლისას გამოირკვა, სადავო რეგულაციების გამო (არამოქალაქე პირებთან დაკავშირებული გამონაკლისების მიუხედავად), მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ზოგიერთი პირი ვერ სარგებლობს საქართველოში შემოსვლის უფლებით. ამგვარი სტატუსის მქონე პირების სახელმწიფოსთან მჭიდრო სამართლებრივი კავშირის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ქვეყანაში შემოსვლის უფების შეზღუდვით, აღნიშნული რეგულაცია დისკრიმინაციულია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბინადრობის (ფორმის) ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობს მოუწოდა, საქართველოსა და ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირებს შორის ხანგრძლივი და მჭიდრო სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი თუ სხვა კავშირის გათვალისწინებით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირთა ქვეყნაში შემოსვლის პოლიტიკა იმგვარად შეცვალოს, რომ მათ დაუბრკოლებლად შეძლონ ქვეყანაში შემოსვლის უფლებით სარგებლობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)