რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაციები რელიგიური უმცირესობების და რელიგიის თავისუფლების გამოწვევებთან დაკავშირებით

2020 წლის 24 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა და რელიგიის თავისუფლების გამოწვევებთან დაკავშირებით 2020 წელს შემუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინეს. ღონისძიებას მოდერაცია ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილამა გაუწია.

რეკომენდაციები მიმართულია სახელმწიფო უწყებებსა და მედიისადმი და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • რელიგიის თავისუფლების საკანონმდებლო რეგულირებას
  • რელიგიის შესახებ კანონის ინიციატივას
  • დისკრიმინაციულ კანონმდებლობას
  • რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკას
  • შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულს
  • რესტიტუციას
  • რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანდატს
  • ქონებრივ პრობლემებს
  • საზღვრის კვეთას
  • განათლებასა და მედიას

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოკლედ მიმოიხილა რელიგიური უმცირესობების საბჭოს საქმიანობა და აღნიშნა, რომ დაარსებიდან - 2005 წლიდან, საბჭომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში რწმენის თავისუფლების დაცვასა და განმტკიცებაში. „რელიგიურ უმცირესობათა საბჭოს და სახალხო დამცველის აქტიური მუშაობის შედეგია, რომ დღეს ყველა კონფესიის სასულიერო პირს, დისკრიმინაციის გარეშე შეუძლია სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში შესვლა პატიმრებისთვის რელიგიური მომსახურების გასაწევად; ბევრად უფრო ლიბერალური გახდა რელიგიურ ორგანიზაციათა რეგისტრაციის კანონმდებლობა; გარკვეული წინსვლა შეიმჩნევა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კვალიფიკაციისა და გამოძიების მიმართულებთ; თანდათან კონტროლის ქვეშ ექცევა სიძულვილის ენის გამოყენება სასკოლო სახელმძღვანელოებში და ზოგადად საგანმანათლებლო სისტემაში. საბჭოს ძალისხმევით, კონსტიტუციაში არ ჩაიწერა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შემზღუდავი ნორმები.

დღეს საბჭომ თავისი არსებობის მანძილზე უკვე მესამე დოკუმენტი წარადგინა, სადაც ნათლად არის აღწერილი თუ რა მდგომარეობაა რწმენისა და რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით ქვეყანაში და რა ნაბიჯები არის დამატებით გადასადგმელი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და გაეროს ასოციაციას, წლების განმავლობაში, ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოსათვის გაწეული მხარდაჭერისათვის.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილემ ლორა ბერგერმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობასა და ქვეყანაში დემოკრატიული და ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბების პროცესში შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საკანონმდებლო ჩარჩოზე, საკუთრების უფლებასა და რესტიტუციაზე, ასევე, რელიგიური ლიტერატურის საზღვრის კვეთის პრობლემებზე ისაუბრეს ექსპერტმა მაკო ღავთაძემ და მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესიის პასტორმა ბორის ჭარაიამ.

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება ექსპერტმა გიორგი გოცირიძემ და სახარების რწმენის ეკლესიის პასტორმა გურამ იმერლიშვილმა განიხილეს.

მედიისა და განათლების საკითხებზე ექსპერტმა ნინო ცინცაძემ და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძემ იმსჯელეს.

რელიგიის თავისუფლების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შესწავლის შედეგები ექსპერტმა თამთა მიქელაძემ და საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის პასტორმა ზაალ ტყეშელაშვილმა წარმოადგინეს.

ღონისძიება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) დახმარებით გაიმართა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)