რეკომენდაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს
2016 წლის 21 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა მოქალაქე მ.ბ.-ს დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით ხაშურის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს რეკომენდაციით მიმართა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი განყოფილების სპეციალისტი მ.ბ. სამსახურიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს. ბრძანებას საფუძვლად დაედო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმადაც მ.ბ. არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას.
საქმის შესწავლისას დადგინდა, რომ ატესტაციის პირველი ეტაპი (ტესტირება) განმცხადებელმა წარმატებით გადალახა. რაც შეეხება მეორე ეტაპს - გასაუბრებას, არ არსებობს ოქმი, სადაც ასახულია კანდიდატისთვის დასმული შეკითხვები და მათზე გაცემული პასუხები, არ არის მითითებული კრიტერიუმები, რომლებსაც ეფუძნებოდა კომისია გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე გადაწყვეტილება მ.ბ.-ს დაკავებული თანამდებობასთან შეუსაბამობის თაობაზე არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, თუ რატომ მივიდა კომისია აღნიშნულ დასკვნამდე. გამგებლის ბრძანებაც, მ.ბ.-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ეფუძნება მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებას და არ შეიცავს არანაირ დამატებით დასაბუთებას.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ როგორც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ისე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებები მიღებულია მოქმედი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევით, რითაც ილახება მ.ბ.-ს შრომის უფლება.
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციით ხაშურის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეთხოვათ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, მ.ბ.-სთვის ატესტაციის გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარება და კანონის მოთხოვნათა დაცვით ახალი გადაწყვეტილების მიღება; ხოლო თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მისი თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება.