რეკომენდაციები.

რეკომენდაცია არასრულწლოვანთა უფლების დარღვევის შემთხვევაზე არაეფექტურ რეაგირებასთან დაკავშირებით

2017 წლის 3 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევის შემთხვევაზე არაეფექტურ რეაგირებასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ მასწავლებლებისა და სკოლის მიმართ არსებული პრეტენზიებისა და სავარაუდო ძალადობის გამო, მამა შვილებს 2016 წლის აპრილის თვიდან არ უშვებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, იკვეთება ბავშვების მიმართ მამის მხრიდან ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი. ოჯახი ვერ უზრუნველყოფს ბავშვების სათანადო ფსიქო-ემოციურ განვითარებას. უნდა აღინიშნოს, რომ მამის მიერ ბავშვებისათვის განათლების მიღების პროცესის შეწყვეტის ფაქტი 2015 წელსაც დაფიქსირდა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მშობლების მხრიდან იკვეთება მოვალეობების არასათანადოდ შესრულება და არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების უგულებელყოფა. ასეთ შემთხვევაში კი ბავშვების ინტერესების დაცვა და მათი უფლებების განხორციელება სახელმწიფოს ვალდებულებაა. აღნიშნულის მიუხედავად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არ განახორციელა ქმედითი ზომები და არასრულწლოვნები კვლავ მოწყვეტილი არიან სასწავლო პროცესს. შესაბამისად, პასუხისმგებელმა პირებმა, ვისაც ევალებათ ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტზე რეაგირება, შესაძლოა თავად მიაყენონ ზიანი ბავშვს, თუ ისინი ეფექტურად ვერ ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

სახალხო დამცველმა თავის რეკომენდაციაში მოუწოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მიღებულ იქნას ყველა საჭირო ზომა, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, მათი უფლებების დაცვისა და უმოკლეს ვადაში განათლების უფლების უზრუნველყოფის მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)