საქართველოს სახალხო დამცველმა სამუშაო ადგილზე განსხვავებული მოსაზრების გამო შევიწროება დაადგინა
2020 წლის 10 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წინააღმდეგ სამუშაო ადგილზე განსხვავებული მოსაზრების გამო შევიწროება დაადგინა.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, განმცხადებელთან შრომითი ურთიერთობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით და მომავალში, როგორც განმცხადებელს, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა დასაქმებულს შეუქმნას თანასწორი სამუშაო გარემო; ამასთან, შეიმუშავოს შიდა რეგულაცია მოხელეთა წახალისების წესების შესახებ იმგვარად, რომ გამოირიცხოს დასაქმებულთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა.
განსხვავებული მოსაზრების გამო შევიწროებას განმცხადებელი უკავშირებდა მის მიერ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი პირების ქმედებების კრიტიკას. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელს, მის განყოფილებაში დასაქმებული იდენტური შეფასების მქონე ყველა სხვა თანამშრომელის მსგავსად, არ მიეცა ფულადი ჯილდო.
სახალხო დამცველის შეფასებით, კონკრეტულ დასაქმებულზე ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ დამსაქმებელი გადაწყვეტილებას თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს, თუმცა, განსახილველ საქმეში, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა არგუმენტაცია, რომელიც გააქარწყლებდა განმცხადებლის მიერ წარმოშობილ ვარაუდს, რომ ჯილდოს გაუცემლობა შევიწროების ხერხად იქნა გამოყენებული.