რეკომენდაციები.

რეკომენდაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, სსიპ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ყოფილი მთავარი სპეციალისტის გიორგი ნიკოლაიშვილის გათავისუფლების კანონიერებასა და საშიში საწარმოო ობიექტების კონტროლთან დაკავშირებით.

2012 წლის 28 დეკემბერს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე გიორგი ნიკოლაიშვილმა. განცხადებიდან ირკვევა, რომ 2010 წლის 26 თებერვალს სსიპ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რამაზ ობოლაძემ გიორგი ნიკოლაიშვილი მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

საქმის შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გიორგი ნიკოლაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებისას არ იყო დაცული კანონმდებლობის ნორმები.

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, კადრების შემცირება და ოპტიმალური რაოდენობის შერჩევა ინსპექციის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით გახდა საჭირო. ამასთან, ინსპექციის საზედამხედველო ობიექტების რაოდენობა და შესაბამისად, გიორგი ნიკოლაიშვილის ფუნქციებიც „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ კანონის საფუძველზე იქნა შემცირებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ოპტიმიზაცია, რომელიც გამოწვეული იყო საკანონმდებლო ცვლილებებით, ვერ ჩაითვლება განმცხადებლის გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად ვინაიდან, საქართველოს კანონი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“, გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა 2010 წლის 19 აპრილს, ხოლო გიორგი ნიკოლაიშვილთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა დასახელებული კანონის ძალაში შესვლამდე ორი თვით ადრე - 2010 წლის 26 თებერვალს.

გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად ასევე მითითებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც გაუქმდა საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვა. დასახელებული საკანონდმებლო ცვლილება განხორციელდა 2010 წლის 8 აპრილში, რაც ასევე ვერ გამოდგება გიორგი ნიკოლაიშვილთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასასაბუთებლად.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა ორჯერ გამოითხოვა ინფორმაცია სააგენტოში განხორციელებული შტატების შემცირების შესახებ, ინფორმაცია არ წარმოუდგენიათ. ერთადერთი აქტი, რომელიც თან ერთვოდა სააგენტოს წერილს, იყო ბრძანება სსიპ ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ. ამავე წერილს ერთვოდა ინფორმაცია 2010 წლის საშტატო ნუსხის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2010 წლის 9 მარტიდან, ანუ გიორგი ნიკოლაიშვილის გათავისუფლების შემდეგი პერიოდიდან.

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2013 წლის 26 აპრილის წერილის თანახმად, გიორგი ნიკოლაიშვილთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნა მისი კვალიფიკაცია, სამუშაო უნარ-ჩვევები და გამოცდილება.

სახალხო დამცველის აპარატმა 2013 წლის 18 ივნისის წერილებით სსიპ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია სააგენტოში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და სტაჟის შესახებ. 2013 წლის 2 ივნისის და 2013 წლის 1 აგვისტოს პასუხად მიღებული წერილებისა და თანდართული მასალის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ სააგენტოში (ყოფილ ინსპექციაში) არ არსებობს კვალიფიკაციის და სხვადასხვა პოზიციის დასაკავებლად საჭირო უნარ-ჩვევების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტი, რის გამოც შეუძლებელია დადგინდეს, რომელი თანამშრომელი უფრო კვალიფიციურია და რის საფუძველზე მოხდა შესამცირებელ თანამშრომელთა განსაზღვრა.

სახალხო დამცველი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი ნიკოლაიშვილის დარღვეული უფლების აღსადგენად კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს.

* * *
გიორგი ნიკოლაიშვილთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პრობლემა, რომლის გამოც შესაძლოა საფრთხე დაემუქროს ჩვენს მოქალაქეებს. კერძოდ, 2010 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, აღარ გაიცემა საშიში საწარმოო ობიექტების ფუნქციონირებისათვის საჭირო ნებართვა და სახელმწიფო აღარ აკონტროლებს ასეთ ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვას, რამაც მომავალში შესაძლოა გამოუსწორებელი და სავალალო შედეგი გამოიღოს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიწყოს ინიცირება საშიში საწარმოო ობიექტების ფუნქციონირებისათვის საჭირო ნებართვების გაცემისა და მათი საქმიანობის შემდგომი მონიტორინგისათვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტის მომზადების მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)