რეკომენდაციები.

რეკომენდაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს

საქართველოს სახალხო დამცველმა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარის ჯანმრთელობის უფლების დაცვის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.

2013 წლის 19 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, არასრულწლოვან ლ. კ-ს უფლებების დარღვევის შესახებ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სახალხო დამცველმა არასრულწლოვნის საქმის შესწავლა დაიწყო.

2012 წლის 12 ივლისს, ერთ-ერთ მცირე საოჯახო ტიპის სახლში, სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ჩაირიცხა ლ. კ, რომელსაც ბოლო 1 წლის განმავლობაში თვითმკვლელობის არაერთი მცდელობა ქონდა. ბენეფიციარ ლ. კ-ს მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება და ამჟამად მისი კანონიერი წარმოადგენელი სოციალური მომსახურების სააგენტოა. მცირე საოჯახო ტიპის სახლში არასრულწოვნის მოთავსების დღიდან, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით, 15-ჯერ იქნა გამოძახებული სამედიცინო დახმარების სამსახური, რაც დადასტურებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციით. ბენეფიციარი სტაციონარული მკურნალობის მიზნით, ოთხჯერ მოათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარმა რამდენჯერმე გაიარა მკურნალობა ფსიქიატრიულ კლინიკაში, მას თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობის მცდელობა არ შეუწყვეტია. კლინიკური საავადმყოფოს ექიმ-ფსიქიატრის განმარტებით, მისი ქმედებების გაკონტროლება მცირე საოჯახო ტიპის სახლის პირობებში შეუძლებელია.

კლინიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განმარტებით, ლ. კ-ს დიაგნოზი საბოლოოა და მას ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია ესაჭიროება.

2013 წლის 15 ივლისს, ლ. კ-ს საქმეზე ჩატარდა ქეის-კონფერენცია. შეხვედრაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა შექმნილი ვითარების სირთულეს და აღინიშნა, რომ ლ. კ-ს შემთხვევა არ არის ერთეული და მსგავსი პრობლემის წინაშე სახელმწიფო ზრუნვის ფარგლებში მოთავსებულ არასრულწლოვანთა დაახლოებით 30% დგას.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ შეუძლებელია ლ. კ-ს მდგომარეობის მართვა მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების პირობებში, თუმცა ამავე დროს არ არსებობს სხვა ტიპის ალტერნატიული სახელმწიფო სერვისი სადაც ლ.კს-ს გაეწეოდა ადეკვატური მკურნალობა და სარეაბილიტაციო მომსახურება. ქეის-კონფერენციიის ოქმში აღნიშნულია, რომ შეკრებილმა ჯგუფმა მიზანს ვერ მიაღწია. არასრულწლოვნისთვის ვერ მოინახა ადეკვატური სახელმწიფო მომსახურება; ვერ მოხერხდა მისი მდგომარეობის გაუმჯობესება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2013 წლის 19 ივლისიდან 7 აგვისტომდე არასრულწლოვანმა კიდევ ორჯერ სცადა თვითმკვლელობა, შედეგად იგი მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ამჟამადაც იმყოფება. კლინიკაში არასრულწლოვნის დაყოვნების ვადა განისაზღვრება 21 დღით. შემდეგ მას ისევ უკან, მცირე საოჯახო ტიპის სახლში დააბრუნებენ, სადაც მუდმივად არსებობს ბენეფიციარის მხრიდან თვითდაზიანების რისკი, რაც შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს.

სახალხო დამცველს მიაჩნია რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე არასრულწლოვნის განთავსებამ მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლში დაარღვია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილით გარანტირებული უფლება, რომლის თანახმადაც, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რათა ბავშვის ზრუნვაზე ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხოვნობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.

ფაქტობრივი გარემოებები კი ცხადყოფს, რომ აღნიშნული მომსახურება იმთავითვე არ იყო განსაზღვრული მსგავსი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე არასრულწლოვნისათვის. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, არასრულწლოვნის მდგომარეობა მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსებამდე იყო ცნობილი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებლად იმავე მცირე საოჯახო ტიპის სახლში დაბრუნებამ, შესაძლოა დაარღვიოს კონვენციის 24-ე მუხლით გარანტირებული უფლება ჯანდაცვის ადეკვატურ და დროულ მომსახურებაზე, ვინაიდან აღნიშნული მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციის თანახმად, ბენეფიციარის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მათ ადეკვატური რესურსები არ გააჩნიათ. მნიშვნელოვანია განვიხილოთ კონვენციის 23-ე მუხლის მოთხოვნაც, რომლის თანახმად მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე არასრულწლოვანი უნდა სარგებლობს განსაკუთრებული მზრუნველობით სახელმწიფოს მხრიდან.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისად რეკომენდაციით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს და მოითხოვა:

- არასრულწლოვანი მოთავსდეს მისთვის უსაფრთხო და ადეკვატურ სამედიცინო, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მომსახურების მომწოდებელ დაწესებულებაში, სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო დრომდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება ან სიცოცხლის მოსპობა;

- შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში შემუშავდეს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე არასრულწლოვან ბენეფიციართათვის ადეკვატური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის აუცილებელი რეაბილიტაციის სერვისების სრულ ხელმისაწვდომობას როგორც დედაქალაქის, ისე - რეგიონების დონეზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)