რეკომენდაციები.

რეკომენდაცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს

,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს, დაუყოვნებლივ გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების მიერ დაცვის უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობას.

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 დაწესებულების არაგეგმიური მონიტორინგის დროს ცნობილი გახდა, რომ დაწესებულებაში ადვოკატთა შესვლა შეზღუდულია.

სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ამ ფაქტს უკავშირებს 2012 წლის 12-13 მაისს, ძლიერი წვიმისა და ნიაღვრის შედეგად შენობის დაზიანებასა და დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება ხდება სათანადო აქტის გამოცემით, რომელიც როგორც წესი საჭიროებს მინისტრის თანხმობას. თუმცა, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადებით, სამწუხაროდ, მათ ეს აქტი არ გააჩნიათ.

საქართველოს კანონი „პატირმობის კოდექსი“ განსაკუთრებული პირობების შემოღებას უკავშირებს პატიმართა გარკვეული უფლებების შეზღუდვას (მაგალითად გასეირნებით სარგებლობის უფლება). ამავდროულად კანონი არაფერს ადგენს მსგავს შემთხვევაში პატიმრისათვის დამცველთან შეხვედრის უფლების შეზღუდვაზე.

საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის თანახმად „დაცვის უფლება გარანტირებულია“. აღნიშნული დებულება არამხოლოდ დეკლარაციული ხასიათისაა, არამედ სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას შექმნას სათანადო მექანიზმები, რათა პირებმა დროულად და სრულყოფილად უზრუნველყონ საკუთარი დაცვის უფლების განხორციელება, რაც უპირობოდ მოიცავს საკუთარ დამცველთან შეხვედრის უფლებას.

საქართველოს კონსტიტუცია აღნიშნული უფლების შეზღუდვას არ ითვალისწინებს საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი.

შესაბამისად, სახალხო დამცველს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების გამოცხადების შემთხვევაში აღნიშნული უფლების შეზღუდვა..

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ხსენებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წვიმის შედეგად წარმოქმნილი ინფრასტრუქტურული პრობლემები შეძლებისდაგვარად მოგვარებულია, რაც განსაკუთრებულად გაუგებარს ხდის აღნიშნული უფლების შეზღუდვას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული შეზღუდვები უკანონოა და არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)