რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დაამტკიცოს საქმიანობათა ნუსხა, სადაც მაღალია აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირთან კონტაქტში მყოფი პირის დაინფიცირების რისკი.

„აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის სამუშაოდან დათხოვნა ან მისთვის სამუშაოზე მიღების უარის თქმა მხოლოდ აივ დადებითი სტატუსის გამო, გარდა იმ საქმიანობებისა, სადაც არსებობს მასთან კონტაქტში მყოფი პირის დაინფიცირების მაღალი რისკი. ამ საქმიანობათა ნუსხას ამავე კანონის მეორე პუნქტის მიხედვით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლში აღნიშნულია, რომ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს უნდა შეემუშავებინა და დაემტკიცებინა ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

დღეისათვის, ქვეყანაში ფაქტობრივად არ არის იდენტიფიცირებული ასეთ საქმიანობათა ნუსხა, რაც იწვევს „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლით გარანტირებული დისკრიმინაციის აკრძალვის არ არსებობას აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის სამუშაოდან დათხოვნისას ან მისთვის სამუშაოზე მიღების უარის თქმის შემთხვევაში. შესაბამისად, კანონის მე–10 მუხლი არ არის ქმედითი. ამავდროულად, ამ ნუსხის არ არსებობა არღვევს კანონის მე–12 მუხლსაც, ვინაიდან კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს უნდა შეემუშავებინა და დაემტკიცებინა ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)