რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის თანამშრომელთა ქმედებებში შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ნიშნების არსებობის საკითხი.

2011 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მსჯავრდებულების შალვა და ლაშა შანიძეების ადვოკატმა მაია ახალაძემ. განმცხადებლის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტს წარუდგინა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაცვის ორდერები და ითხოვდა საქმის მასალების გაცნობას. განმცხადებელი ასევე აღნიშნავდა, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა საქმის მასალებს და მონაწილეობა მიეღო სასამართლოს მიერ საქმის განხილვაში. აღნიშნული დასტურდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის მიწოდებული სასამართლო სხდომის ოქმით.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ბრალდებულის უფლებას მისი ინტერესები დაიცვას მის მიერ შერჩეულმა ადვოკატმა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის რედაქცია) 82–ე მუხლის თანახმად, „სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი პროცესის მწარმოებელ ორგანოს წარუდგენს ადვოკატთა კოლეგიის, ფირმის, ბიუროს ორდერსა და თავის მოწმობას.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუდგენელია ეცნობა თუ არა ადვოკატ მ.ახალაძეს შალვა და ლაშა შანიძეების ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვის თარიღი და დრო.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის თანამშრომლების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)