რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს

`საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, უზრუნველყონ მსჯავრდებულ მ.არქანიას უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ყველა ღონისძიების გატარება, ასევე საჭიროების შემთხვევაში მისი გადაყვანა სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.


* * *
სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა გლდანის #8 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის მალხაზ არქანიას დამ, ნინო არქანიამ. მისი განმარტებით მისი ძმა ადმინისტრაციის მხრიდან განიცდის ზეწოლას. განმცხადებლის თქმით მსჯავრდებულის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და საჭიროა მისი სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა არაერთხელ მოინახულეს მსჯავრდებული მ.არქანია, რა დროსაც მან რიგ შემთხვევებში დაადასტურა და რიგ შემთხვევებში უარყო მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი, როგორც დაწესებულებაში მოთავსებამდე, ასევე მოთავსების შემდგომ პერიოდში. საბოლოოდ მ.არქანიამ მოითხოვა მის მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიცემული ახსნა-განმარტების კონფიდენციალურად დატოვება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მ.არქანიას მდგომარეობა საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და მის მიმართ შესაძლებელია მართლაც ხორციელდებოდეს გარკვეული სახის ზეწოლა დაწესებულების ადმინისტრაციის და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)