სახალხო დამცველის რეკომენდაცია შინაგან საქმეთა მინისტრს
,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს 2011 წლის 26 მაისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ პირთა უფლებების აღდგენა, კერძოდ, დაკავებულ პირებს მიეცეთ საშუალება დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და ადვოკატებს, უზრუნველყოფილი იყვნენ ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და ამანათით მიიღონ კანონმდებლობით დაშვებული ნივთები.
2011 წლის 26 მაისის ღამეს განვითარებული მოვლენებისას დაკავებულ იქნა რამდენიმე ათეული პირი, რომლებიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში იქნენ გადანაწილებულნი. გარდა ამისა, რამდენიმე ათეული პირის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გამომძიებლები დაუკავშირდნენ დაკავებულების ოჯახს და შეატყობინეს მათი ახლობლის დაკავების და მისი ადგილსამყოფელის შესახებ.
26 მაისს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს თბილისის #2, მცხეთის, კასპის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და შიდა ქართლის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირები. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თბილისის #2 დმი–ში განთავსებული პირები იმავე დღეს, გადაიყვანეს სხვა იზოლატორებში. შესაბამისად, ადვოკატებმა ვერ შეძლეს მათი მონახულება. ამჟამად სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სხვა იზოლატორების მონიტორინგს, თუმცა, როგორც 26 მაისის პრაქტიკამ აჩვენა, გამორიცხული არაა, ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს კვლავ შეუცვალონ ადგილსამყოფელი.
ზემოაღნიშნულის გამო, პატიმრებს ეზღუდებათ დაცვის უფლება, ხოლო მათი ოჯახის წევრები მოკლებულნი არიან ელემენტარულ შესაძლებლობას, იცოდნენ სად იმყოფებიან მათი ახლობლები. საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“, ,,დაცვის უფლება გარანტირებულია“.
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (CPT) განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიციის მიერ დაკავებულ პირთა სამ უფლებას: შეატყობინოს თავისი დაკავების ფაქტის შესახებ მესამე მხარეს, რომელსაც თვითონ არჩევს (ოჯახის წევრი, მეგობარი, საკონსულო), უფლებას ადვოკატზე და უფლებას, მოითხოვოს სამედიცინო შემოწმება იმ ექიმის მიერ, რომელსაც აირჩევს (დამატებით, ნებისმიერი სამედიცინო შემოწმება პოლიციის მიერ მოყვანილი ექიმის მიერ). წამების საწინააღმდეგო კომიტეტის აზრით, ეს არის სამი ძირითადი საშუალება დაკავებული პირების სასტიკი მოპყრობისაგან დასაცავად, რომელიც გამოიყენება თავისუფლების აღკვეთის საწყის ეტაპზე.