რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს

„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ანდრია ურუშაძეს შეისწავლოს დუშეთის ბავშვთა სახლში მოთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (39 ბენეფიციარის) დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ადეკვატურობის საკითხი და უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა.

***

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფმა 2010 წლის 27 სექტემბრიდან 5 ოქტობრის ჩათვლით განახორციელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის მონიტორინგს. 2010 წლის 30 სექტემბერს სპეციალური პრევენციული ჯგუფი მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა დუშეთის ბავშვთა სახლში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსსსიპ “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს” დირექტორის 2010 წლის 15 სექტემბრის N1/925 ბრძანების თანახმად, 2010 წლის 15 სექტემბრიდან დუშეთის ბავშვთა სახლი დროებით იღებს და მომსახურებას უწევს მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ბენეფიციარებს. აღნიშნული ბენეფიცირების უმრავლესობას დადგენილი აქვთ დიაგნოზი და იღებენ დანიშნულებას; თუმცა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მონიტორინგის განხორციელების პროცესში დაფიქსირდა, რომ დუშეთის ინსტიტუციაში გადაყვანილ რამდენიმე ბენეფიციარს, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, გადასვლიდან მოკლე ხანში განუვითარდა ძლიერი აღგზნება და არაადეკვატური ქცევითი გამოვლინებები (ქვის, რკინის საგნების სროლა, მუქარა და ა.შ.). სხვა ბენეფიციარების გადმოცემით სიტუაციის გამწვავების დროიდან ისინი ფიზიკური დაზიანების შიშით ვერ ტოვებენ ინსტიტუციისოთახებს. დაწესებულებაში არსებულმა სიტუაციამ მთელი დღის განმავლობაში საფრთხე შეუქმნა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს და შეაფერხა მონიტორინგის განხორციელება. დაწესებულების პერსონალმა, არაერთგზისი მცდელობის მიუხედავად, მონიტორინგის განხორციელების დღის განმავლობაში, ვერ შეძლო სიტუაციის კონტროლი.

შექმნილი მდგომარეობა უკიდურესად ართულებს პერსონალის მიერ სიტუაციის მართვას, რის გამოც მათ უწევთ საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობა; არსებობს საშიშროება, პერსონალის მიერ სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვისა. დუშეთის ბავშვთა სახლის დირექტორის, დ. თომაძისა და ექიმი–ფსიქიატრის,მ.ბრაჭულის, განმარტებით, მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატიდან დუშეთის ბავშვთა სახლში გადაყვანილ ბენეფიციარებს არ აქვთ სამედიცინო ბარათები. აღნიშნული მიზეზის გამო შეუძლებელია ბენეფიცირთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ადეკვატურობის შეფასება. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლოა დარღვეულ იყოს საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლით და „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლით აღიარებული ადამიანის საყოველთაო უფლება ჯანმრთელობაზე და სამედიცინო დახმარებაზე, ასევე შესაძლებელია დარღვეულ იყოს სამედიცინო მომსახურების ხელმისწავდომობა, სამედიცინო ჩარევის დროულობა და ხარისხი. ასევე, შესაძლოა, დარღვეულ იყოს პერსონალისა და ბენეფიციარების უფლება, იმყოფებოდნენ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)