კოვიდ 19

ონლაინ კონფერენცია ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების გენდერული პოლიტიკის შესახებ

2020 წლის 28 მაისს გამართულ ონლაინ კონფერენციაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების გენდერული პოლიტიკა შეაფასა და აპარატის მიერ შემუშავებული სპეციალური ანგარიში წარმოადგინა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობებზეა გამახვილებული. ღონისძიებას მოდერაცია სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ გაუწია.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის - „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის“ ფარგლებში და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით სახალხო დამცველის აპარატმა რეგიონებში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული მდგომარეობა და ქალების საჭიროებები შეისწავლა. ქვეყნის 7 რეგიონში, 800 ადამიანთან გამართულ 85 შეხვედრაზე ადგილობრივ დონეზე არსებული მიღწევები და გამოწვევები გამოვლინდა. ამავე კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული პოლიტიკის გასაძლიერებლად, მათი მიზნობრიობის გასაუმჯობესებლად და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

„COVID-19-ს დამატებითი გავლენა აქვს გენდერული ნიშნით ძალადობაზე, ქალთა ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე, შემოსავალსა და საარსებო წყაროზე. განსაკუთრებით დღეს, ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებს გადამწყვეტი როლი ეკისრებათ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაში, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული რეგიონებში მცხოვრები ქალების ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა.

ამ კვლევამ კარგად გვაჩვენა რა ხორციელდება თვითმმართველ ერთეულებში გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით და რომელი აქტივობები რჩება მუნიციპალიტეტების ყურადღების მიღმა.

კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 57-ს აქვს შემუშავებული. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში (61%), გენდერული თანასწორობის საბჭოებს სამოქმედო გეგმის შესაბამისი ბიუჯეტი არ გააჩნიათ. თუმცა, პრაქტიკაში გვხვდება მაგალითებიც, როდესაც საბჭოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მიმაჩნია, რომ ჩვენი მიგნებები და რეკომენდაციები ხელს შეუწყობს თვითმმართველი ორგანოების გენდერული პოლიტიკის მკაფიოდ განსაზღვრას, რაც მომავალში დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე და უფრო მეტად განამტკიცებს ინსტიტუციური მექანიზმის მდგრადობას გენდერული თანასწორობის კუთხით“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი ერიკა კვაპილოვა და ნორვეგიის ელჩი საქართველოში ჰელენა სანდ ანდრესენი.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის შესახებ შეფასება სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომელმა ანა ლობჟანიძემ წარმოადგინა.

იხილეთ კვლევის ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)