კონსტიტუციური სარჩელები.

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი მოქალაქეობაზე უარის სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა[1] სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც სადავო იყო საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხი.

სახალხო დამცველის პოზიციით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ამ სტატუსის მაძიებელი პირისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოქალაქის სტატუსი წარმოადგენს მთელი რიგი სამოქალაქო, სოციალური და პოლიტიკური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობის წინაპირობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნატურალიზაციის მეშვეობით მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე პრეზიდენტის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას, დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.

სახალხო დამცველი მიუთითებდა, რომ პირისათვის ნატურალიზაციის ჩვეულებრივი, გამარტივებული, აღდგენის ან სპეციალური წესით მოქალაქეობის მინიჭებისას, პრეზიდენტის დისკრეციას ბოჭავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების ობიექტურად განსაზღვრებადი ხასიათი, განსხვავებით საგამონაკლისო წესისა, როდესაც პირი ფასდება სუბიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. შესაბამისად, როდესაც პირი აკმაყოფილებს მოქალაქეობის მოსაპოვებლად კანონმდებლობით დადგენილ ობიექტურად შეფასებად კრიტერიუმებს და პრეზიდენტი მას მაინც არ ანიჭებს მოქალაქეობას, აუცილებელია პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელება, რათა პრეზიდენტის მხრიდან გამოირიცხოს თვითნებური, მიკერძოებული და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა და პირს უკანონოდ არ ეთქვას უარი ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მოპოვების პირობების დადგენისას, თითოეული სახელმწიფო სარგებლობს მიხედულების ფართო ფარგლებით. ამავდროულად, ყველა სახელმწიფო ორგანო, საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას შებოჭილია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებით და გადაწყვეტილების მიღებისას ვალდებულია, იმოქმედოს ადამიანის ძირითადი უფლებების განუხრელი დაცვის ინტერესით. ადამიანის ძირითადი უფლებებით ბოჭვა ვრცელდება, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტზე საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების, ამ შემთხვევაში, ნატურალიზაციით მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას. შესაბამისად, იგი არ მოქმედებს აბსოლუტური დისკრეციის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ, სასამართლოს ინტერესის მიუხედავად, მოპასუხე მხარეს არ განუმარტავს სადავო საკანონმდებლო ნორმის ლეგიტიმური მიზანი. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლომაც ვერ დაინახა რაიმე ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის უარყოფითი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების აკრძალვას და სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=17643


[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის N3/3/1601 გადაწყვეტილება, ხელმისაწვდომია აქ: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=17643 ;

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)